ეკონომიკის სამინისტრო ამ დროდმე არ ადასტურებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც უწყების თანამშრომლებს. მათი თქმით, გიორგი ჩოგოვაძე გუშინ სამსახურში იმყოფებოდა და მათთვის გაუგებარია რატომ გავრცელდა მედიაში მსგავსი ინფორმაცია.
ჩოგოვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით მიზეზი, მუსიკალური ფესტივალის “ჯემ ფესტის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა ფესტივალის ირგვლივ ფინანსური პრობლემები გაჩნდა. გუშინ ფესტივალზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა კუთვნილი ანაზღაურების გადახდა მოითხოვეს და ამბობენ, რომ მათ დაპირებული 600 ლარის ნაცვლად, “ჯემ ფესტის” ადმინისტრაციამ 100 ლარი გადაუხადა. ისინი ბრძოლას სამართლებლივად აპირებენ.