სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანია განათლების სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანიის პირველ ეტაპი სექტემბრიდან-დეკემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე განათლების სამინისტროს დაახლოებით, 45 ტონა ვაშლი დასჭირდება.
პირველ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით არსებული დიდი სკოლები შეირჩა, კერძოდ, ვაშლები თბილისის 10 სკოლის 20 ათას ბავშვს დაურიგდება. მოსწავლეებს ვაშლებს კვირაში ერთხელ მიიღებენ.
ტენდერში გათვალისწინებული პირობით, ვაშლის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება.
პროგრამა იანვრიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებსაც მოიცავს.

