მმართველი გუნდის ყოფილი წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ პარადი დავარცხნილ ნაცებს მიჰყავთ“. მისი თქმით ოცნების განაციონალება მისი შექმნის დღიდან დაიწყო. “მეტრონომის” კითხვაზე ვინ არიან კონკრეტულად ეს ადამიანები და რა თანამდებობაზე იმყოფებიან, მეჭიაური ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შეიკავებს.
თუმცა აცხადებს, რომ ეს ადამიანები ყველა სფეროში არიან. ეს არის როგორც პარლამენტი ასევე მთავრობა. მათ აქვთ საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობები დაკავებული და ხელში ქვეყნის მართვის სადავეები უკავიათ.
„ გადახედეთ 2012 წლის “ქართული ოცნების” პარტიის სიას და იქ ვისაც ვერ ნახავთ, ჩათვალეთ, რომ ყველა დანარჩენი დავარცხნილი ნაციონალია. ეს ადამიანები მანამდე პარტიას ახლოსაც არ ეკარებოდნენ, თუმცა ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლისთანავე შეძვრნენ.
ახლა კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება არ მინდა. ყველამ ისედაც კარგად იცის ვინ ვინ არის. საზოგადოებაც მიხვდება ვისზე ვსაუბრობ. ქვეყნის მართვის სათავეები მათ უკავიათ. ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მხოლოდ ისინი იმყოფებიან. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ “ქართული ოცნებიდან” მხოლოდ სახელი არ დარჩება“ – აცხადებს მეჭიაური “მეტრონომთან”.