თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ, -ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
“თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 2-ს ამ დრომდე ქმედება არ განუხორციელებია.
კაფე-ბარების მეპატრონეებს ვადა 14 აგვისტომდე მიეცათ, რის შემდეგაც კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.”-ნათქვამია განცხადებაში.
აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე დღეს დილიდან 16 კაფე-ბარი დახურულია, მათ შორის, 14 ბარის მეპატრონე უცხოელი ინვესტორია. კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მეპატრონეებმა პროტესტის ნიშნად მიიღეს. საქმე ეხება, მერიის მოთხოვნას. ბარების ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, თუ დღეიდან მეპატრონეები მაგიდებსა და სკამებს ბარის წინ დაალაგებდნენ, 10000-ლარიან ჯარიმას მიიღებდნენ. კაფეების მფლობელებისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია და ამბობენ, რომ გაფრთხილება მხოლოდ აღნიშნულმა 16-მა ბარმა მიიღო, დანარჩენი ობიექტები კი ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას.

