საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომან გვენცაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელიც ადასტურებს:
„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა! გარდაიცვალა საქართველოს პოლიციის ერთ. ერთი სიმბოლო, გამბედაობითა და კეთილშობილებით გამორჩეული რომან გვენცაძე, მართლაც ძალიან კარგი ქართველი. საშინლად დამწყდა გული. რომან გვენცაძეს ურთიერთობები ეროვნულ მოძრაობასთან მთელი ეპოპეაა. ეჰ მუხდალო და დაუნდობელო წუთისოფელო! გამოვთქვამ ჩემს დიდ გულისტკივილს! რომან გვენცაძის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელს ქართულ პოლიციას, მიუხედავად თაობებისა. მიმაჩნია ბოლოჟამინდელი ხელისუფალნი დაუმსახურებლად უყურადღებოდ ეპყრობოდნენ რომან გვენცაძეს! კიდე ერთი კოლორიტი და ღირსეული კაცი დააკლდა საქართველოს. ღმერთმა აცხოვნოს და განანათლოს რომანი და მისი სული! დიდება უფალს!!!“- წერს ირაკლი წერეთელი სოციალურ ქსელშივე.
მილიციის გენერალ-მაიორი რომან გვენცაძე დაიბადა 1945 წელს. ის იყო თბილისის შს სამმართველოს უფროსი, შს მინისტრის მოადგილე (1990-1992), შსს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.

