ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აუცილებელია, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდეს”

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

„მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება-ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა,”-აღნიშნავს კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება დააწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,”-აცხადებს მერობის კანდიდატი.

იტვირთბა....