საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური უკრაინული გამოცემის “სტრანა უამ”-ის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. გამოცემის მტკიცებით, ცნობილმა უკრაინელმა სატელეფონო ხულიგანმა, “ვოვამნმა” საქართველოს შს მინისტრს დაურეკა და თავი უკრაინის შს მინისტრად, არსენი ავაკოვად წარუდგინდა.
მათ შორის დიალოგი კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსრადირების შესახებ შედგა. უკრაინელი პრანკერების მტკიცებით, მათ გიორგი მღებრიშვილმა უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.
უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის შინაარს შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.
“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.