არ და ვერ აიტანს ხალხი ხელისუფლების მხრიდან ტყუილს. მითუმეტეს, როცა საქმეში ღრმად ჩახედვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ ეს ტყუილი არის მეთოდური, შეფარული და მზაკვრული. უფრო მეტად გამაღიზიანებელია, როცა საუბარი ეხება ბავშვებს, რომელთა განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.
დარწმუნებული ვარ, ასეთი ზოგადი შესავალი ვერანაირად ვერ გააღიზიანებს პირთა იმ ჯგუფს, რომლის წევრთა აქტიურობით უკვე შესრულდა პოლიტიკური დაკვეთები და იმ თბილი სავარძლების დაუფლება, რასაც ემსახურებოდა კიდეც პიარი, წინასწარ დაანონსებული კამპანია მილიონების გამოყოფის შესახებ და შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელს პრემიერი კვირიკაშვილი აწერს. ასე რომ, თუკი ვინმეს პასუხისმგებლობაზე გვექნება საუბარი ქვევით, მკითხველს ვთხოვ, იგულისხმოს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი დადგენილებაზე ხელმომწერი, ბატონი კვირიკაშვილია.
როგორი ზარ-ზეიმით მოვიდა ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციაში ყველას გვახსოვს. არავის დაავიწყდება წინასწარ დაანონსებული 265 მილიონი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. კალაძის პროტეჟეობაც დაუვიწყარია. ოღონდ კობიაშვილი პრეზიდენტად მოეყვანათ და წინასაარჩევნო პერიოდში საკენკს არ იშურებდნენ მოსახლეობისთვის.
კობიაშვილს უნდა გადაერჩინა ქართული ფეხბურთი, რევოლუცია უნდა მომხდარიყო ფეხბურთის ფედერაციაში და უნდა ამომშრალიყო ის ჭაობი, რომელიც ფედერაციაში წლების განმავლობაში იყო. ეს მისივე სიტყვებია, მე არ ვიგონებ, ვციტირებ: „სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა, სახელმწიფო ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს, ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით. უნდა იყოს ჩართული არამარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს და ყოველ წელს იქნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით, პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძლიან მძიმე და უნდა შევცვლოთ,“ – შევახსენებ მკითხველს, ეს განცხადება კალაძემ 2015 წლის 28 ივლისს გააკეთა.
მოდით, ახლა გადავხედოთ რა მოხდა ამ 2 წლის განმავლობაში.
გამოყოფილი 265 მილიონიდან 90 მილიონამდე უკვე თითქმის დაიხარჯა, საიდანაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლების უმეტესობას ერთი თეთრიც არ მიუღიათ. 2016 წელს დახარჯული 40 მილიონი ძირითადად დაიხარჯა უკვე არსებული სკოლების საბაზისო დაფინანსებაზე. კარგად მახსოვს საჩხერეს „ჩიხურას“ მწრთვნელის სოსო ფრუიძის განცხადება, რომელიც პირდაპირ აკრიტიკებდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომ ის მხოლოდ ხელფასების თანხას ურიცხავს კლუბებს, რის გამოც, მათ საშუალება არ აქვთ ფეხბურთელები დაიმატონ. სოსო ფრუიძე ამბობდა, რომ ფონდიდან, ფეხბურთის განვითარებისთვის არაფერი იხარჯება.
თუკი ვთანხმდებით, რომ ფეხბურთის განვითარება საბავშვო ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს, მაშინ ჩნდება კითხვა: დახარჯული მილიონებიდან რატომ არ მოხმარდა არაფერი საბავშვო სკოლებს?
მცირე კვლევა საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის გამეგო, მაგალითად რაიმე ფინანსური დახმარება თუ აღმოუჩინეს 35-ე საფეხბურთო სკოლას, რომელმაც წლების განმავლობაში საქართველოს უნიკალური ფეხბურთელები გაუზარდა – აბსოლუტურად არაფერი…
უფრო მეტიც, 265 მილიონია გამოყოფილი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის და ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მონაწილეთა მშობლებს ფულის შეგროვება უწევთ, რომ გუნდმა, რომელშიც მათი შვილი თამაშობს, ამა თუ იმ ლიგაზე თუ ტურნირზე მიიღოს მონაწილეობა. ანუ, მიუხედავად დაანონსებული მილიონებისა, დამატებითი თანხების მობილიზება ხდება უკვე მშობლების მხრიდან, რომ აღსაზრდელმა როგორმე რომელიმე ლიგაზე, ან ტურნირში მიიღოს მონაწილეობა. ლოგიკა სად არის? მემგონი მარაზმამდე მივდივართ… ეს მარაზმი კი უფრო მძაფრდება მაშინ, როცა იცი, რომ 265 მილიონი იხარჯება სადღაც, რაღაცაზე, მერე გაგახსენდება, რომ კალაძე პოლიტიკაშია, მერე ისიც გახსენდება, რომ ლევან კობიაშვილი მოვიდა ფედერაციის პრეზიდენტად ქართული ფეხბურთის გადასარჩენად და ისიც პოლიტიკოსად ტრანსფორმირდა, მერე მშობელი ხარ, ჩაიყოფ ჯიბეში ხელს, აბა რა იქნება?! ამოიღებ და დადებ ფულს, რადგან შვილის კეთილდრეობისთვის ყველაფერზე თანახმა ხარ…
მკითხველს საშუალებას მივცემ გაეცნოს ცხრილს (იხილეთ ცხრილი ქვევით), სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ ესმით ფეხბურთის განვითარება ლევან კობიაშვილის, ჯერ ფეხბურთის ფედერაციაში და შემდეგ პოლიტიკაში მომყვანებსა და მის პროტეჟეებს. შეუიარაღებელი თვალითაც იოლად მიხვდება ყველა, რომ 265-მილიონიანი კაკანათი მხოლოდ პიარი იყო სავარძლების დასაუფლებლად და რეალურად ფეხბურთის განვითარების სერიოზული გეგმა არც არასოდეს არსებობდა.
ჩემი მიზანი არაა ახლა, აქ დეტალებში გავწერო როგორ დაიხარჯა, ან ვინ მოითბო ხელი უკვე დახარჯული მილიონებით. მინდა მკითხველს ვაჩვენო ფაქტები, ვანახო ქრონოლოგია და ის მიხვდება, რომ 265 მილიონი (რომელიც ჯერ ბოლომდე არ გახარჯულა მაგრამ მაინც) ჰაერში გაფანტულია და ის არანაირ ფეხბურთის განვითარებას არ ემსახურება.
დავიწყოთ:
1 -კალაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჭაობია და რაღაც უნდა შეიცვალოს.
2 – დაანონსდა 265 მილიონის გამოყოფის შესახებ, რომელიც ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
3 – პრემიერის დადგენილებაში ნახსენებია სიტყვა „ბავშვთა ფეხბურთი“, რომელშიც 2 წლის განმავლობაში თეთრიც არ დახარჯულა.
4 – ჩვენს მიერ მოტანილ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ ცარიელი 2 გრაფა „საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამები“, რომელიც იმას ნიშნავს, რომ 2016 და 2017 წლებში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, ანუ ერთი თეთრიც არ დახარჯულა.
5 – კალაძის პროტეჟეობით, ქართული ფეხბურთის ერთადერთ აიბოლიტად ლევან კობიაშვილი მოგვევლინა.
6 – ლევან კობიაშვილის ტრანსფერი საქართველოს პარლამენტში განხორციელდა
ანუ, გერმანული „შალკედან“ კალაძის პროტეჟეობით ლევან კობიაშვილი პირდაპირ პარლამენტში აღმოჩნდა და ნახსენები 265 მილიონი მხოლოდ საზოგადოების საკენკად იქნა გამოყენებული, რომ თითქოს მოდის ფეხბურთის გადამრჩენელი და მორჩა…
კობიაშვილი პარლამენტში, კალაძე მერად – ერთი სიმღერის და ცეკვის შემოკვრაღაა საჭირო და სოფელიც აშენდება. ამასობაში კი ქართული ფეხბურთი გვადნება ხელში, კვდება. ამ ფაქტის მოტანა არ მსიამოვნებს ნამდვილად, მაგრამ თუკი ვინმეს მიღებული შედეგი აინტერესებს გავახსენებ ქართული კლუბების გამოსვლას ბოლო ევროტურნირებზე.
ისევ კვირიკაშვილის დადგენილებას დავუბრუნდები. დადგენილების მე-3 მუხლის ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: „ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს (აგრეთვე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას), ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით მათი ბიუჯეტებიდან 2015 წელს გაწეული და 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების (საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე კლუბების, ბავშვთა სკოლების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისთვისა და ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით სხვა ღონისძიებებისათვის) შესახებ;
ანუ, ფეხბურთის განვითარების საქმეში, ერთ-ერთ სუბიექტად დადგენილებაში ფიგურირებს მუნიციპალიტეტები. ანუ უწყება, რომელსაც ასფალტის დაგება და კანალიზაციის მოწესრიგება ევალება (ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე ვიცოდი), ერთ-ერთი ფუგურანტია ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. აღარაფერს ვამბობ იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც მათ დაევალათ დადგენილების ფარგლებში.
სხვადასხვა ასაკის ეროვნულ ნაკრებებზე, მათი დაკომლექტების თუ სელექციის დღეს დამკვიდრებულ მეთოდებზე იმდენი რამ მოხდა ჩემს თვალწინ, რომ ეს ცალკე თემაა და ამაზე წერა შორს წამიყვანს. თუმცა, მკითხველს ვპირდები, რომ მალე გამოვამზეურებ საქართველოში დამკვიდრებულ საფეხბურთო სხვადასხვა ასაკობრივი სანაკრებო სელექციის მანკიერ მეთოდებს და იმ მთავარ პრობლემას, თუ რატომ ფერხდება ქართული ფეხბურთის განვითარება, ვინ არიან ავტორები ამ ყველაფრის და რამდენად კომპეტენტურია დღეს ქართულ ფეხბურთში ზედა ეშელონებში მომუშავე ელიტა.
ეს ბლოგი კი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებას მივაწოდო ქართულ ფეხბურთში დღეს არსებული მრავალსართულიანი პრობლემის მცირე მხარე. საუბარი მაქვს იმ გამოყოფილ მილიონებზე, რომელიც უაზროდ იხარჯება და ქართული ფეხბურთის განვითარებას არანაირად არ ემსახურება.
თავიდანვე დავწერე და ამით მინდა დავასრულო ბლოგიც. ჩემ მიერ მოტანილი ფაქტები, არგუმენტების ლოგიკირი ჯაჭვი მკითხველს შეუქმნის წარმოდგენას, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. აშკარად ვხედავ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ფეხბურთის გუშინდელი სახეები დღეს, ნელ-ნელა პოლიტიკურ მონსტრებად გადაიქცნენ და ქართულ ფეხბურთში მარაზმს ამკვიდრებენ… მე მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს ჩემი ნაკრები და არ მინდა დიდხანს ვუყურო დეგრადაციის გზაზე მყოფ ქართულ ფეხბურთს, რომელიც ვერ ვითარდება იმიტომ, რომ ძველი ცუდის ჩანაცვლება ახალი პოლიტიკური მონსტრებით ხორციელდება და შედეგიც ჩანს, სახელწოდებით – მარაზმი.
გენო ჯოხიძე