ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაიყვანოს თავისი ჯარები”: აშშ-ს ადმინისტრაცია პუტინის აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის მიერ საქართველოში, ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება. დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

„აშშ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მიიჩნევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ, რომლის მონაწილე რუსეთია“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს ხაზს უსვამს, რომ „აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

„აშშ არ სცნობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებას. აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარება“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, თბილისში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, საპასუხოდ, საქართველოში, კერძოდ მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრინდა.

იტვირთბა....