„ის, რაც პოროშენკომ გააკეთა, არაკანონიერია. მან უკრაინის კონსტიტუცია, მოქალაქეობის შესახებ კანონი დაარღვია. მან ყველაფერი გათელა, რისი გათელვაც შეიძლებოდა და ეს ტიპიურ საბჭოურ სტილში გააკეთა”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენმტმა პეტრე პოროშენკომ იფიქრა, რომ ზაფხულში მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს უკრაინაში არალეგალურად დაბრუნებას და ამ ეტაპზე „ევროპაში იმოგზაურებს“.
“მე ვემზადები უკრაინაში სასამართლოსათვის. ვამზადებ შესაბამის იურიდიულ დოკუმენტებს. ჩემს ადვოკატებთან ერთად განვიხილავ როდის უნდა დავბრუნდე, რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო სარჩელი და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავდივარ მხარდამჭერებთან, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება მოხდეს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამჟამად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლიტვაში იმყოფება. მან აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდის ლიტველ მეგობრებს მისი მოქალაქეობის დაკარვის საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისთვის.
შეგახსენებთ, 26 ივლისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა. შემდეგ კი პოლონეთში ჩავიდა, პოლონეთიდან კი ლიტვაში გადავიდა.