“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, სოციალურ ქსელში წერს:
“მთელი დღე არ მეცალა ამისთვის, თუმცა, ვიცი, რომ აჟიოტაჟი აუტეხავთ, პირველმა არხმა რუსულად რუსეთის ქება დაიწყოო.
როგორც ჩვენში აწ უკვე დამკვიდრებული წესია, რასაკვირველია, არც აჟიოტაჟის ამტეხმა იცოდა, რას გვედავებოდა და არც ბანის მიმცემმა.
რაც შეეხება აჟიოტაჟის საგანს:
საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადეში არსებული ახალი ამბების რუსულენოვანი სატელევიზიო გადაცემა “ნამდვილი დრო” წარმოადგენს “რადიო თავისუფალი ევროპა”/”რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ერთობლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით.
აღნიშნული პროგრამის ტრანსლაციის შესახებ კონტრაქტი საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპანია BBG (Broadcasting Board of Governors) 2015 წლიდან აქვს გაფორმებული.
პროექტი მიზნად ისახავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული მიუკერძოებელი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას და აუდიტორიას აწვდის ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.
ეს პროექტი ამ სახით უკვე ორი წელია ეთერში გადის და არსებული კონტრაქტით იგი უნდა გაგრძელდეს ამა წლის დეკემბრამდე.
დღეს რატომ დასჭირდათ ასეთი მტკნარი ტყუილის შეთხზვა, ამის პასუხი ბევრ იგავ-არაკშია და იგივე იგავ-არაკები უაღრესად თვალსაჩინო მაგალითებით გვასწავლიან იმასაც, რომ ყველა სისულელე იოლად და გადაუმოწმებლად არ უნდა დავიჯეროთ.
P.S. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ არც აჟიოტაჟის ამტეხთ და არც შემდეგ ამით აღშფოთებულებს გადაცემა ნანახი არ ჰქონდათ, ყურმოკრულით გამოიტანეს დასკვნები, თორემ ნანახი რომ ჰქონოდათ, მათთვისაც კი ნათელი იქნებოდა საქმის ვითარება.”-წერს მაღლაფერიძე.