ახალი ამბები მთავარი სამართალი

Gem Fest-ის ტერიტორიაზე, ირანის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, იქ, სადაც GEM Fest-ი მიმდინარეობს, 1981 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სპეციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”- ნათქვამია შშს-ს განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით).

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მუსიკალური ფესტივალის Gem Fest ტერიტორიაზე 22 წლის გოგო გარდაიცვალა. დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს.

იტვირთბა....