„ნაცმოძრაობამ“ გენერალური აუდიტისთვის განცხადება მოამზადა. პარტია უწყებას სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესწავლისკენ მოუწოდებს.
მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში საბიუჯეტო თანხა არამიზნობრივად იხარჯება. მისი თქმით, ლევან მურუსიძემ სახელმწიფოს ხარჯზე ახალ მანქანაში 55 ათასი ლარი გადაიხადა, მაშინ როცა გასულ წელს, დაახლოებით ანალოგიური თანხის 2 მანქანა ჰქონდა ნაყიდი.
„ლევან მურუსიძემ ზუსტად ერთი წლის წინ ორი ავტომობილი შეიძინა უმაღლესი საბჭოსთვის 100 ათას ლარად ღირებული. დღეს მან უკვე 55 ათას ლარად ღირებული ჰიუნდაი ტუქსონის ჯიპი იყიდა ბიუჯეტის ხარჯზე. შესაბამისად, ჩნდება კონკრეტული კითხვები, რატომ გამოცვალა 2005 წლის ჯიპი, რომელიც ასევე ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა, ახალი, 2016 წლიანი ავტომობილით. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ ფაქტობრივად, ხდება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.