აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, “გრინ ქარდის” გათამაშების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.
მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).
„გრინ ქარდის“ ლატარეა აშშ-ში 1990 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად ლატარეაში ვლინდება 50 ათასი გამარჯვებული, რომელიც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებს.