ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზის ადვოკატი: პროკურორებმა სახელმწიფო საიდუმლო გაასაჯაროეს

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმის პროკურორებმა სახელმწიფო საიდუმლოება, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, გაასაჯაროეს.

საუბარია პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებაზე, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა და რომლის მიხედვითაც გამოძიებამ დაადგინა, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული თანამშრომელი არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ არის.

ადვოკატები განმარტავენ, რომ სუს-იდან გამოთხოვილ აღნიშნულ ინფორმაციას, რომელიც პროკურატურას გადეცა, გრიფით საიდუმლო ადევს.

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი დაცვის მხარეს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მან გამოძიების ის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოება არ არის.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ”მეტრონომთან” აცხადებს, რომ გრიფით საიდუმლოს გასაჯაროებისთვის გამოძიება უნდა დაიწყოს.

”მეტრონომი” უახლოეს ინფორმაციას სასამართლოდან ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ დროისთვის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა უნდა დაიკითხოს. სწორედ მან გაუგზავნა წერილი ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გამოშვება ”კურიერს”, სადაც აღნიშნავდა, რომ  პროკურატურის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე სუს-ის აგენტ-პროვოკატორია.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....