“ჩვენი კომისია ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ, შეფასებული იქნა როგორც დადებითი. ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია მათ შორის საია-ს პოზიცია, მომავალშიც მზად ვართ, ისინი გავიზიაროთ”,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეების შესარჩევი სამთავრობო კომისია, არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზება დავუშვათ. წულუკიანის განცხადებით, ძალიან დასანანია, რომ საიას თავმჯდომარე როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ღირებული წევრი, მათ კომისიას და ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს.
„ჩვენ ყოველთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატი გავმართოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული კონკურსი და სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მაქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე, ვთვლი, რომ არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზირება დავუშვათ ან ასეთი რამ მოხდეს.
ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს. ძალიან დასანანია, რომ საიას თავმჯდომარე როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი ჩვენი კომისიისა, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 26 აგვისტომდე, როდესაც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და კონკურსის სამუშაო პროცესი განვაგრძოთ, ეს პოზიცია შეიცვლება და კოალიცია კვლავ შემოუერთდება საკონკურსო პროცედურებს”, – განაცხადა წულუკიანმა.