ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გასაჩივრდება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.

„ადვოკატები დოკუმენტებს ამზადებენ ადმინისტრაციულ სასამართლოში, რათა გაასაჩივრონ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა“, – განაცხადა ბოგომაზოვმა კიევში გამართულ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მას შემდეგ შეიტანს სარჩელს, რაც საჭირო დოკუმენტებს მიიღებს, კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულებას.

მისივე თქმით, გენერალური პროკურატურისგან არ მიუღიათ ცალსახა დასაბუთებული პასუხი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.

ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა თანაგუნდელებმა დღეს აქცია გამართეს.

იტვირთბა....