ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილის გასაოცარი ბედი”: მედვედევი ირონიული პოსტით სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურება

“შოუ უნდა გაგრძელდეს” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი facebook-ზე წერს. ის ამ ირონიული პოსტით მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება.

“სააკაშვილის გასაოცარი ბედი: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინის მოქალაქე, პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, პირი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინის ხელისუფლების თანამიმდევრულობა გასაოცარია – უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მისი გუბერნატორად დანიშვნა, შემდეგ მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა და საქართველოში ექსტრადირებაზე დათანხმება. ეს ყველაფერი, უდავო მტკიცებულებაა ამ ორი ხალხის უმაღლესი მორალური ღირებულებების, რომლებმაც გაითამაშეს ეს ფანტასტიური ტრაგიკომედია. შოუ უნდა გაგრძელდეს”- წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.

ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.

იტვირთბა....