სამშენებლო კომპანია ”როიალ გრუპს”, რომელიც დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე საცხოვრებლი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დიდუბის გამგებემა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ”როიალ გრუპმა” ბოლო გაფრთხილება უსაფრთხოების ნომრებთან დაკავშირებითორშაბათს, 24 ივლისს მიიღო.
”მშენებლობას აწარმოებდა ”როიალ გრუპი”, რა თქმა უნდა, მერიის ნებართვით. ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო. ამ ორშაბათსაც არის გაფრთხილებული ”როიალ გრუპი”. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილები არიან მიხაილოვისა და ალადაშვილის კლინიკებში“ , – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და სამი მუშა მოიყოლა.
შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.