დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან 27 წლის ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა კოკა მიქიაშვილია. იგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. Ambebi.ge გარდაცვლილის დეიდაშვილს აკაკი ფარცვანიას კომენტარს ავრცელებს:
“დღეს დილით შევიტყვეთ ეს უბედური ამბავი. წესიერი და მშრომელი დეიდაშვილი დამეღუპა. მისი ცხოვრების მანძილზე შრომის და სწავლის მეტი არაფერი გაუკეთებია. კოკა 27 წლის იყო, პროფესიით ენერგეტიკოსი გახლდათ, კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ოჯახს ეს შემოსავალი არ ყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ბავშვობაში დაობლდა, მამა გარდაეცვალა, მას და მის ძმას დედა ზრდიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, ამიტომ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა”- აღნიშნა გარდაცვლილი კაცის დეიდაშვილმა.
როგორც შსს-ში აცხადებენ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.