ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურორი: როცა ბრალდებულმა თეთრუაშვილი საპატრირქოს ვერ ჩამოაშორა, მისი მკვლელობის მზადება დაიწყო

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ე.წ. ციანიდის საქმეზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დისტანციურად დაკითხვა დასრულდა. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ოხანაშვილი შეეცადა შეენიღბა გარემოებები.

მისი თქმით, ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა, რომ ბრალდებული და თავად ოხანაშვილი, ყველანაირი გზით ცდილობდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორებას:

”მიუხედავად იმისა, რომ ოხანაშვილი არის ბრალდებულის უახლოესი მეგობარი, მისი თანამოაზრე, მანაც ვერ დამალა ის სიძულვილი და მტრული განწყობა, თეთრუაშვილის მიმართ. ოხანაშვილი შეეცადა რაღაც გარემოებები შეენიღბა, რომ თითქოს ბრალდებულს არ ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება შორენასთან, თუმცა მან ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილით და მტრულად განწყობილი იყვნენ შორენას მიმართ. მეტიც, იმართებოდა შეხვედრები, სადაც კონსპირაციულად ოხანაშვილი, ბრალდებული მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს საპატრიარქოდან. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. ამ ეპითეტებს ხმარობდნენ თეთრუაშვილის მიმართ. ყველანაირი გზით ცდილობდნენ მის ჩამოშორებას, თუმცა როცა მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა, შემდეგ მან აირჩია ყველაზე რადიკალური მეთოდი და დაიწყო მზადება თეთრუაშვილის მკვლელობისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიძინა ციანიდი და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა გერმანიაში”- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მისი თქმით, ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა, რომ ვერანაირად ვერ ჩამოიშორეს თეთრუაშვილი. კერძოდ კი, ვერ შეძლეს მისი თანამდებობიდან ჩამოშორება და საპატრიარქოდან გაძევება:

”არაერთი მცდელობის მიუხედავად, როდესაც ყველა გზა სინჯეს, ამის შემდეგ ბრალდებულმა მისი მკვლელობა გადაწყვიტა. ოხანაშვილმა მისდაუნებურად დაადასტურა, რომ ბრალდებული ყველანაირი გზით ცდილობდა თეთრუაშვილის ჩამოშორებას. მაგალითად, ოხანაშვილმა თქვა, რომ არაერთხელ იყო პატრიარქთან თხოვნით, როგორმე  გაეთავისუფლებინა შორენა თანამდებობიდან. ვერ შეძლეს მიზნის მიღწევა”- განაცხადა პროკურორმა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....