მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლთან ისევ რჩებიან. თუმცა ქაცარავას განცხადებით, აქციის ფორმატი შეიცვლება და ცვლილების დეტალები საღამოს გახდება ცნობილი. მისი თქმით, ისინი საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას შეცვლილი ფორმატით განაგრძობენ. ქაცარავას განცხადებით, მედია საშუალებით მათი აქცისი არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქება მოხდა.
„ჩვენ განვაგრძობთ აქ ყოფნას, ოდნავ შეცვლილი ფორმატით. სამინისტროსთან ვათანხმებთ და ოდნავ მოგვიანებით, საღამოსკენ გავავრცელებთ ინფორმაციას. არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ჩვენი აქციის. დაზუსტება მოხდა ჩვენი მოქმედების, ადგილმდებარეობის და ფორმატის“, – აღნიშნა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას.
„ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.
საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.