ქობულეთში მცხოვრები თენგიზ ქათამაძე აცხადებს, მისი შვილი რომან ქათამაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და ის ამას რამდენიმე დღის წინ ქობულეთში გასროლის ფაქტს უკავშირებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ ქათამაძემ უთხრა, ქათამაძეების ოჯახს უცნობი პირები პროკურატურიდან განცხადების გამოტანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში “წამლის ჩადებით” ემუქრებიან. თენგიზ ქათამაძე შინაგან საქმეთ სამინისტროს საქმეზე რეაგირებას სთხოვს.
“ჩვენთვის უცნობი პირი იყო მოსული და გვითხრა, რომ თუ განცხადებას არ გამოვიტანთ წამალს ჩაგვიდებენ, ან მე ან ჩემს შვილს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვ, რომ აღნიშნული საქმე განიხილონ. დღისით ამოიღო იარაღი და ესროლა ჩემს შვილს. თუ საქმესთან დაკავშირებით რეაგირება არ იქნება, შიმშილობას დავიწყებ. პროკურატურიდან განცხადების გამოტანას არ ვაპირებ. დაისაჯოს ის პოლიციელი“,- აცხადებს თენგიზ ქათამაძე.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, ქობულეთში სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.