ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი ზომების განსახილველად მზად არის. განცხადება ქვეყნის სამხედრო მეთაურობამ გაავრცელა. ძალოვან უწყებაში მიაჩნიათ რომ წმინდა ქალაქის შესასვლელებში მეტალოდეტექტორების დამონტაჟება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, მზად არიან სხვა ზომები განიხილონ და მუსლიმური ქვეყნებისგან ახალ ინიციატივებს ელოდებიან.
იერუსალიმში ვითარება ისევ დაძაბულია. შეტაკებები პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სამ დღიანი არეულობის შედეგად დაღუპულია 3 ებრაელი მოქალაქე, გარდაცვლილ პალესტინელთა რიცხვი კი 5-მდე გაიზარდა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ხელში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი აუფეთქდა. მიმდინარე მოვლენების გამო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. სხდომა, რომელიც საფრანგეთმა, შვედეთმა და ეგვიპტემ მოითხოვეს, ორშაბათს გაიმართება.