ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში თემის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

თელავში თემის საკრებულოს წევრი დააკავეს ზაზა ზაზაშვილი, სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატია. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, მან უცხოელი მოქალაქისგან 15 ათასი ლარი აიღო. ზაზაშვილი თელავის საკრებულოში ორი მოწვევის დეპუტატია. საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანისთვის უცნობია მომხდარის მიზეზი და დეტალები.

მისივე თქმით, დეპუტატის დაკავება საკრებულოს შენობაში არ მომხდარა.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.

ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 000 აშშ დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაარიცხინა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

ქრთამის სახით გადაცემული თანხა – 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ორივე საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იტვირთბა....