“მეტრონომი” სასამართლოდან
ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, დაცვის მხარეს ჰქონდა ვარაუდი, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვას პროკურატურა თავს არიდებდა, რაც მისი თქმით, ნაწილობრივ დადასტურდა.
“სოსო ოხანაშვილის დაკითხვაზე ეჭვები გვიჩნდებოდა პროკურატურის მიმართ, რომ ისინი ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მის დაკითხვაზე. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა. გადავამოწმეთ მისი დაკითხვის საკითხი და მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის მზად არის ჩაერთოს სკაიპით” – განაცხდა გიორგი ფანცულაიამ.
მან ისაუბრა ასევე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას დაკითხვის დეტალებზეც.
“მეუფე პეტრეს დაკითხვამ დაადასტურა ერთი ფაქტი, რომ ის არცერთი მხარის მოწმე არ არის. განსხვავებით წინასწარ დამუშავებული მოწმეებისგან, რომელიც პროკურქტურამ მოიყვანა. მისთვის ამოცანა არ იყო რომელიმე მხარისათვის სასურველი პასუხები გაეცა. მან მაქსიმალურად ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რომ მოსამართლეს ამ საკითხზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა გაუადვილდეს.
აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს, მან ზოგიერთი ფაქტი ნამდვილად იცოდა, რომ მამა გიორგი მამალაძე იკვლევდა ქონებრივ საკითხებს, მათ შორის სულხან მოლაშვოლის სახლთან დაკავშირებით. ასევე მან თქვა, რომ ის ფლობს საპატრიარქოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას, მათ შორის შორენა თეთრუაშვილის მოქმედებებს საპატრიარქოში, თუ ვის რა დავალებებს აძლევს ის და ა.შ.”- აღნიშნა ფანცულაიამ.
მას მიაჩნია, რომ დღეს გიორგი მამალაძე არათუ დამნაშავეა, არამედ ის შორენა თეთრუაშვილის მსხვერპლია. როგორც ადვოკატმა განაცხადა, პროკურორები დაკითხვისას ცდილობდნენ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას წყობიდან გამოყვანას.
“არაერთხელ იყო მცდელობა, რომ მისთვის დაესვათ ისეთი შეკითხვა, რომელიც შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა”- აღნიშნა ადვოკატმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე განახლდა. მეუფე პეტრემ ჩვენება ბრალდების მოწმის სტატუსით მისცა.
სახელმწიფო ბრალდების მოწმეთა სიაში ის ბოლო სასულიერო პირია, რომელიც სასამართლოს წინაშე ჯერ არ დაკითხულა. ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ 16 მოწმის დაკითხვა იგეგმება.
როდის მისცემს ჩვენებას დაცვის მხარის მოწმე ირაკლი ფირცხალავა, ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მისი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც დეკანოზი განმარტავს აღნიშნული იარაღი მას პროკურატურის ოქროს მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა შესანახად. სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ საქმეზე უკვე 100 ზე მეტი მოწმე დაკითხა.
ავტორი: ნინი ცხადაია