საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის საქართველოში შესაძლო ვიზიტს ეხმაურება. ხიდაშელის თქმით, კალაშნიკოვი 2013 წელს საქართველოში არ შემოუშვეს არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი.
„ლეონიდ კალაშნიკოვი საქართველოში გეგმავს ჩამოსვლასო. მერე რომ არ თქვან არ ვიცოდითო, ეს ის კაცია რომელიც ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო 2013 წელს თედო ჯაფარიძის და ჩემი რეკომენდაციით და მაშინდელი პრემიერი ივანიშვილის გადაწყვეტილებით არ შემოვუშვით ქვეყანაში არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი. მაშინ არც კი უფიქრია მაშინდელ პრემიერს როდესაც ვითარება გავაცანით, მიუხედავად იმისა რომ პროცედურულად სანქციას დაგვადებდა ევროსაბჭო მაშინვე დაგვთანხმდა! იმედია არაფერი შეიცვლება დღეს”, – წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, გამოცემა ,,იზვესტია“ -ს ცნობით, ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში მოიწვიეს.
რუსეთის დუმაში დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსი დეპუტატების დელეგაცია საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩავა იმ ქართველ კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებიც შეხვედრის ინიციატორები იყვნენ.
გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ რუსულ-ქართული დიალოგი ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი და პრინციპში, არც არსებობდა.
„თუმცა, ორი ქვეყნის პარლამენტართა ძალისხმევით, საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ამ არხის აღდგენას“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის თარიღი უცნობია.