თბილისის გენგეგმის მიხედვით, ტაქსებს რეგულაციები დაუწესდებათ. ახალმა რეგულირებამ უნდა შეამციროს „მოსეირნე“ ტაქსთა რაოდენობა, მათი „გამოძახებითი“ სერვისით ჩანაცვლებით, ცხელი ხაზით, მობილური აპლიკაციით და სხვა, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქის გზებზე მუდმივად ცირკულირებად ტაქსთა რაოდენობას.
გეგმის ავტორების აზრით, ტაქსების სისტემის გაუმართაობა ძლიერ გავლენას ახდენს თბილისის „პარაზიტული“ ხასიათის ტრაფიკის ჩამოყალიბებაში. მათი აზრით, ოფიცალური და არაოფიციალური ტაქსის მძღოლები ქალაქის გზებზე მგზავრთა მოპოვებისთვის მოულოდნელად ჩერდებიან, რაც ქალაქში მოძრაობის შეფერხებას იწვევს.
“ოფიციალური და არაოფიციალური ტაქსის მძღოლები ეჯიბრებიან ერთმანეთს მგზავრთა მოპოვებისათვის თბილისის გზებზე, მოულოდნელად ჩერდებიან ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად და დამატებით დატვირთვას ქმნიან ქსელზე უმგზავროდ მოძრაობისასაც, რითაც ხელს უწყობენ საცობების წარმოქმნას” – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის განხილვაც საკრებულომ დღეს დაიწყო.