ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ ჩამოუყალიბდა დეკანოზ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება: პროკურორი დეტალებზე საუბრობს

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 100-მდე მოწმე და ყველამ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების ეტაპზე აქვთ მიცემული.

”ჩვენი მოლოდინი, რომ დავამტკიცებდით ბრალდებულ გიორგი მამალაძის გარემოებას, მართლდება და ყველა დაკითხული მოწმე ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, უკვე დაკითხული მოწმეებით დადასტურდა, რომ დაცვის მხარე და კერძოდ, ბრალდებული იტყუებოდა როდესაც აცხადებდა, რომ თოთქოსდა ნატრიუმის ციანიდი სჭირდებოდა ოქრომჭედლისთვის ან შორენა თეთრუაშვილის თვითმკვლელობისთვის. აღნიშნული ფაქტი გამოირიცხა.

ასევე დაცვის მხარე იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ გველის შხამი სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის სამკურნალოდ. საწინააღმდეგოდ დადასტურდა, რომ ბრალდებულს ნატრიუმის ციანიდი სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისათვის.

დაცვის მხარე ყოველთვის აპელირებდა, რომ თითქოს ბრალდებული ებრძოდა სხვადასხვა ქონებრივ მაქინაციებს საპატრიარქოში და რეალურად აღმოჩნდა, რომ მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და დაკითხულმა ყველა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადებები არის დაუსაბუთებელი და არანაირ ქონებრივ მაქინაციებს ადგილი არ ჰქონია საპატრიარქოში. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხდებოდა კონკრეტული სასულიერო პირის და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით.

მეუფე დიმიტრიმ დაადასტურა, რომ მან თავად გადაამოწმა როგორც პატრიარქთან ასევე სასულიერო პირებთან აღნიშნული ინფორმაცია და ნამდვილად დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური სტატიები არ შეესაბამება სიმართლეს.

მათ შორის მეუფე დიმიტრიმ ასევე განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს. მისთვის როგორც სულიერი მოძღვარისთვის და მამისთვის არცერთ ეტაპზე არ მიუცია ინფორმაცია, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილი ან ციანიდით იყო დაინტერესებული ან გველის შხამით”- აღნიშნა პროკურორმა.

მან ასევე ისაუბრა შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის დეტალებზეც და აღნიშნა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის კონკრეტული ქმედება მის მიმართ კარიერული წინსვლის დაქვეითებად აღიქვა, რის შემდეგაც მას თეთრუაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

”შორენა თეთრუაშვილმა დაკითხვისას განმარტა, რომ ერთ-ერთი პირი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად შევიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ეკავა შეუსაბამო თანამდებობა, რაც მღვდელმთავრებსაც კი არ ეკავათ და არ შეესაბამებოდა მის სასულიერო იერარქიას. ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. აღნიშნული გიორგი მამალაძემ აღიქვა როგორც მისი კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელად და მის მიმართ მკვეთრად უარყოფითად განეწყო. ამას არც მალავდა. უკლებრივ ყველა მოწმემ დაადასტურა, მათ შორის მამალაძის მოადგილემაც კლინიკაში, რომ მას შორენა თეთრუაშვილის მიმართ ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება და არ ერიდებოდა მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გამოქვეყნებასაც კი”- განაცხადა გუბელაძემ.

მისი თქმით, გერმანიაში, სადაც პატრიარქი სამკურნალოდ იმყოფებოდა, საკვები და სასმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, რისი გათვალისწინებითაც ბრალდებულს შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა თავისუფლად შეეძლო.

”ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ გერმანიაში, კლინიკაში იყო სასადილო, სადაც ყველა პირს მიუწვდებოდა ხელი. ბრალდებულს ჰქონდა სრული თავისუფლება ესარგებლა იქ არსებული სასმელით და საკვებით და აღნიშნულის მეშვეობით განეხორციელებინა თეთრუაშვილის მოწამვლა და მკვლელობა”- განაცხადა პროკურორმა.

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....