“მერაბ ღოღობერიძეს პიროვნულად ვერ ვიტანდი, როგორ წარმოგიდგენიათ, მე მასთან რაიმეს ორგანიზებას დავგეგმავდი?” – ამის შესახებ ბათუმის მოვლენებზე დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, რომ მის დასაკავებლად პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს და საქმეში წარმოდგენილ 240 მოწმის ჩვენება იდენტურია.
“თუ საქმეს კარგად იცნობთ ბატონო პროკურორო და ალბათ კადრებიც ნახეთ, თუ სადმე ჩანს ჩემი მხრიდან აქციაზე ან მოქალაქეს ან სახელწიფოს ზიანი მიადგა, მე გავჩუმდები. არსად ეს არ ჩანს. ბატონო მოსამართლევ, მე ბათუმში დილით ჩამოვედი პირად საქმეზე სპონტანურად. ვიყავი აქციაზე, ვიცი კანონები. არ არსებობს მტკიცებულება რომელიც დამნაშავეებთან კომუნიკაციას დაადასტურებს. მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მაქვს ბრალი წარდგენილი აქციის ორგანიზებაზე, დედას გეფიცებით, მე მას პიროვნულად ვერ ვიტანდი და პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფაც მიმიყენებია, როგორ წარმოგიდგენიათ, მე მასთან რაიმეს ორგანიზებას დავგეგმავდი? 240 მოწმეს ერთი და იგივე ჩვენება აქვს მიცემული”, – აცხადებს ირაკლი ჩხვირკია.
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 – ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისმობს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.