ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა.  109-ე განზრახ მკვლელობის ნაცვლად, სპეცრაზმელებს 333-ე უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად, ამის შესახებ საქმის პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ცნობილია კიდევ ერთი ახალი გარემოება – ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სპეცრაზმელების ეპიზოდზე მიმდინარე საქმის ახალი მტკიცებულებაა. აღნიშნული შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

საქმის ამ ეპიზოდზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულები არიან სპეცრაზმელები – გიორგი გულბიანი, იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე.

გამოძიების ვერსიით, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სპეცოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც”კორტების სპეცოპერაციით” არის ცნობილი. ფირცხალავას და ცააძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის ივნისში დატოვა ძალაში.

პროკურატურის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი სწორედ კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მომზადებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.

იტვირთბა....