„პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს“ წევრებმა, დღეს რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, კანცელარიიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, სიმბოლურად 400 მეტრიანი თოკი გაჭიმეს. პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სწორედ ამდენი მეტრია დარჩენილი, რომ საქართველოს ტერიტორია ორად გადაიჭრას. მისი თქმით, ლავროვის ბოლოდროინდელი განცხადებები, ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებენ.
„საქართველოს შუაში გადაჭრამდე დარჩენილია 400 მეტრი. დღეს ჩვენ კანცელარიიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრომდე თოკი გავჭიმეთ, 400 მეტრიანი თოკი. სწორედ ეს მანძილი აშორებს ამ ორ უწყებას ერთმანეთთან. უწყებები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ამ პრობლემის მოგვარებაში. სად არის რეაგირება, სად არის პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრი?
ლავროვის ბოლოდროინდელი განცხადება არის ნაწილი იმ ჰიბრიდული ომის, რომელსაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებენ“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პარტის წევრემმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია. ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მოუწოდეს, გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. მათი თქმით აუცილებელია, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მობილიზება და არ დატოვოს საქართველოს რუსულ აგრესიასთან პირისპირ.