ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რას ნიშნავს კბილის ქიმიური გათეთრება და როგორ შევინარჩუნოთ ეფექტი

რას ნიშნავს კბილის ქიმიური გათეთრება და აზიანებს თუ არა ის ემალს? ამ და სხვა კითხვებზე „მეტრონომს“ ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი და ექიმი-სტომატოლოგი, ეკა ქაჯაია ესაუბრა.

„მეტრონომი“: რას ნიშნავს კბილის ქიმიური გათეთრება?

ეკა ქაჯაია: ეს პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის გაწმენდას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით, რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადებისგან. კბილის ქსოვილის გაჯანსაღება და გათეთრება სპეციალური მათეთრებელი გელის საშუალებით მიმდინარეობს. მათეთრებელი გელი გამოყოფს ჟანგბადის თავისუფალ რადიკალს, რომელიც კბილის ქსოვილის პიგმენტს ჟანგავს და იწვევს კბილის გათეთრებას. კერძოდ, გელს დავიტანთ კბილზე და მასზე ვზემოქმედებთ ლაზერის სხივით, ან მეორენაირად – ჰალოგენით თუ ულტრაიისფერი ნათურით.

ამ პროცედურით კბილი ხუთი ტონით თეთრდება.

– დისკომფორტს თუ განიცდის პაცინეტი ამ დროს?

– პროცედურა, რომელიც 40 წუთი მიმდინარეობს  ორივე ყბაზე, სრულიად უსაფრთხო და უმტკინვეულოა.

– რამდენ ხანს ძლებს შედეგი?

– ეფექტი ნარჩუნდება 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. გააჩნია, პაციენტი გაითვალისწინებს თუ არა გათეთრების შემდგომ რეკომენდაციებს.

– რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს?

– პაციენტმა უნდა შეამციროს ყავის და ჩაის მიღება, ასევე, სიგარეტის მოწევა. თუ არ ასრულებს რეკომენდაციას, ეფექტი 6 თვე ნარჩუნდება.

– პროცედურა ემალს აზიანებს?

– სწორად ჩატარებული კბილის გათეთრება აბსოლუტურად არ აზიანებს ემალს.

– რა დროს არ შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება?

– კბილები არ თეთრდება იმ შემთხვევაში, თუ არის პათოლოგიური ჩვენება; ასევე, ორსულობის დროს და წინა კბილების დაბჟენისას.

– რა არის მისი ღირებულება?

– მერყეობს 300 ლარიდან 500 ლარამდე. ფასს განსაზღვრავს ის, კბილი ლაზერით თეთრდება თუ ჰალოგენით. ლაზერით გათეთრება მეტი ღირს, რადგან უფრო თანამედროვეა. რაც შეეხება ეფექტს, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ქსოვილის გამჭვირვალობაზე.

 

 

 

იტვირთბა....