ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ”: როგორ იხსნება დანაშაულები?

ნიკოლოზ ლეჟავა თბილისის საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს და წლების მანძილზე უამრავი საქმის გახსნაში მონაწილეობდა:

როცა დამნაშავე ყველა კვალს შლის, ეს კვალი იქ რჩება? ძალიან გახმაურებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მინდა ისაუბროთ, ამ შემთხვევაში პაპიძემ ყველა კვალის წაშლა სცადა. როგორც გაცხადდა, სპეციალური ხსნარის საშუალებით შეძელით ბინაში სისხლის ლაქების აღმოჩენა. იქნებ უფრო მეტი გვითხრათ ამ საქმეზე?
– სისხლის კვალის წაშლის მიუხედავად, ფხვნილების საშუალებით შესაძლებელია, დადგინდეს სისხლის კვალი. ეს ხელსაწყოს საშუალებით ძალიან კარგად ჩანს. ქიმიური საშუალებებით ვიგებთ, შემთხვევის ადგილზე კონკრეტულად სად იყო სისხლი. დამნაშავემ შეიძლება იდეალურად გაწმინდოს შემთხვევის ადგილი, მაგრამ აუცილებლად ტოვებს კვალს. ვერ გავიხსენებ მკვლელობის ვერც ერთ შემთხვევას, კვალი რომ არ იყო დატოვებული. პაპიძის შემთხვევაზე დეტალურად ვერაფერს გეტყვით. ისე, ძალიან საინტერესო იყო კრიმინალისტიკური კუთხით ამ საქმეზე მუშაობა, რადგან ძალიან ბევრი თვალით ხილული და თვალით უხილავი მტკიცებულების მოპოვება მოხდა. მასშტაბური სამუშაო იყო და შედეგიც გამოიღო, დანაშაული გაიხსნა. ხშირად კომპლექსურად ვმუშაობთ როგორც გამომძიებლები, ასევე კინოლოგიის სამსახური. ერთი ფაქტი იყო ყაჩაღობის, ადამიანს გასტაცეს თანხა. ამოვიღეთ ანაბეჭდი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით იდენტიფიცირება მოხდა ამ პიროვნების, ასევე ძაღლი გაჰყვა სუნს და ასე მივედით ამ პიროვნების საცხოვრებელ სახლთან, ამის შემდეგ გამოძიებამ ბრალი წაუყენა ამ ადამიანს და დადასტურდა, რომ მისი ჩადენილი იყო, აღიარა კიდეც დანაშაული. მკვლელობის დროსაც ხშირად ამოდის დნმ-ის პროფილი, მკვლელის ბიოლოგიური ნიმუში და ა.შ. დამნაშავის ფსიქოლოგიაა ასეთი, ჰგონია რომ ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ ვერ გაიგებენ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დამცავი საშუალებები გამოიყენოს, ალიბიც გაიკეთოს, მაგრამ მერწმუნეთ, კვალი მაინც რჩება და იხსნება ეს დანაშაული.

მაშინ რატომ გვაქვს გაუხსნელი დანაშაულები?
– ბევრი დანაშაული გახსნილია. მარტო თითის ანაბეჭდით არ იხსნება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალი და ნივთმტკიცებები ძალიან ამყარებს საქმეს და ხდება დამნაშავეების დადგენა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალით იხსნება დანაშაული. დანაშაულის გახსნაში კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია განმსაზღვრელი. პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოები, გამომძიებელები მუშაობენ, არის ოპერატიული ინფორმაციები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ბევრი დანაშაული იხსნება, შეიძლება ვერც გავიხსენო მძიმე დანაშაული, რომელიც ბოლო დროს არ გახსნილა.

კანიბალიზმის საქმის დეტალებსაც იცნობთ, გვიამბეთ, რა აღმოაჩინეთ იქ?
– ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, სხვადასხვა შემთხვევის ადგილის და ტერიტორიების დათვალიერებაში ვმონაწილეობდით, იქაც ვნახეთ ბევრი თვალით უხილავი კვალი და ამოვიღეთ. შემდგომ ეს გამოძიებასაც დაეხმარა დანაშაულის გახსნაში.

სრულად იხილეთ: gza.ambebi.ge

იტვირთბა....