ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე”: პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ქალი დეტალებს ყვება

პრეზიდენტის შეწყალებული თეა სირაძე  „პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი მას არ ჩაუდენია. თუმცა, ის ამბობს, რომ ინდოეთის 5 მოქალაქე ნამდვილად სცემა.

„6 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქალთა დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მე და ჩემთან ერთად შეწყალებულ ქალებს გვითხრა ეს შოკისმომგვრელი ამბავი. ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მქონდა, სიხარულისგან ძალიან ცუდად გავხდი, არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ვისმენდი და ვყვიროდი, ეს სიზმარია, არ მჯერა, სიზმარში თუ არ ვარ, მოდით, მიჩქმიტეთ-მეთქი. მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე. ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია. ძალიან ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ვერ უყურებ მათ გაზრდას, ერთ დღეს მოდიხარ და ხედავ როგორ გაზრდილან შენი პატარები.

28 წელი მქონდა მისჯილი, წარმოიდგინეთ ამხელა სასჯელი, მაშინ არაადეკვატურ სასჯელებს უსჯიდნენ. არ ვამბობ, რომ არ ვიყავი დამნაშავე, რაც ჩავიდინე იმას ვაღიარებდი დაჭერის დღიდან, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ეს არ ჩამიდენია. 5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე, ეს იყო რეალობა და არა ის, რაც ბრალად დამდეს. მაშინ სრული განუკითხაობა იყო. საქმის არსებითი განხილვა არ ჩატარებულა, ისე მომისაჯა ამხელა სასჯელი. რაც სურდა პროკურატურას, იმას ასრულებდა მოსამართლე… პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვარკეთილიდან მოვიტაცე 5 ადამიანი და სოფელ დიღომში წავიყვანე “ოპელ ვექტრათი”, თუ ამდენი ადამიანი ჩავსვი მანქანაში, მაშინ მე სად ვიჯექი? სად იყო ამდენი კაცის ადგილი “ვექტრაში?” არ მქონდა იარაღი, არ მქონდა დანა და მითხარით რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?! ბრალი შეთითხნილი იყო, მაგრამ ამხელა წლების მიუხედავად სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ ოდესმე ჩემთვისაც შეიცვლებოდა რამე, ეს დღეც დადგა. მანამდე ამნისტიამ მისჯილი წლები მომაკლო, დამიტოვეს 13 წელი, 7 წელი კი გავატარე ციხეში“, – განაცხადა თეა სირაძემ.

შეგახსენებთ, 37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედებოდა, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....