ამ დროისთვის ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თამაზ უბილავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის ჩასაქრობად ჯამში 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერი და ადგილობრვი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათი თქმით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.
“იწვის ყველაზე ძვირადღირებული საქონელი სადაც იყო, ის ადგილი და მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე და ალბათ, დაადგენენ ამას ყველაფერს,” – აცხადებს ფოთის მერი, ირაკლი კაკულია.
უკვე ერთ საათზე მეტია მეხანძრეები ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის ლოკალიზება სრულად ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა. ამ დრომდე არსებობს იმის საშიშროება, რომ ცეცხლი მიმდებარე მაღაზიებზე გადავიდეს.
შემთხვევის ადგილზე სულ 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ სამაშველო სამსახურმა დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდანაც გამოიძახა.
მოვაჭრეები გადარჩენილი პროდუქციის დამწვარი მაღაზიებიდან გამოტანას ცდილობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი დილის 07:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ადგილზე 150-მდე მაღაზიაა. ადგილზე ქალაქის მერი და ადგილობრივი ელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.