აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„მოსახლეობა პროპაგანდისტულ მანაქანასთან მარტო არ უნდა დარჩეს“

როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას: „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძესთან

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში საქართველოში პრორუსული ძალის გააქტიურებაზე და მისი მხრიდან საინფორმაციო პროპაგანდაზე საუბრობს. დოლიძის თქმით, ე.წ. ჰიბრიდულ ომს, რუსეთი საქართველოშიც აწარმოებს და მის საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ საინფორმაციო პროპაგანდა უნდა გააქტიუროს.

დოლიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ირიბად ჩვენი საზოგადოების ნაწილი რუსული პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, რაც ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეგვაფერხებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში ინდოეთის მოქალაქეების არ შემოშვებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ჩვენს მესაზღვრეებს ყველანაირი უფლება აქვთ, საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედონ. მას კანონი სრულად აძლევს უფლებას ქვეყანაში ვინც უნდა ის შემოუშვას, ან არ შემოუშვას. თუმცა დოლიძე ფიქრობს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი აქვთ დარღვეული შესაბამისი ორგანოების მიერ უნდა მოწმდებოდეს.

„მეტრონომი“: საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთი ე.წ. ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. რა გეგმები აქვს პრეზიდენტს და როგორ აპირებს რუსულ რბილ ძალასთან ბრძოლას?

ანა დოლიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ამ კუთხით მუშაობა ორი მიმართულებით წარიმართოს. ამისთვის აუცილებელია დავიწყოთ კიდევ უფრო აქტიური კონტრაქცია, კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ახსნა, რატომ გვაქვს პროდასავლურ კურსი არჩეული. მოსახლეობა ე.წ. ჰიბრიდული ომის პროპაგანდისტულ მანაქანასთან მარტო არ უნდა დარჩეს.

ამას ჩვენი საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო სტრუქტურების კიდევ უფრო პროაქტიური მუშაობა. ჩვენ  ვიცით, რომ არსებობს უამრავი პროგრამები, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდით აუცილებლად უკავშირდება.

– თქვენ ახსენეთ სანფორმაციო პროპაგანდა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს. ე.წ. ჰიბრიდული ომის პარალელურად, თვლის თუ არა პრეზიდენტი საჭიროდ, რომ უნდა შეიქმნას ობიექტური მედიასაშუალებები, რომლებიც რუსულენოვან ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ობიექტურ და ლიბერალურ ღირებულებებზე აგებულ ინფორმაციას, რომელიც სწორედ ამ საინფორმაციო ომში ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა….

– პრეზიდენტი მხარს უჭერს, რომ ამ (რუსულ) პროპაგანდას საინფორმაციო კუთხით უნდა დავუპირისპირდეთ. თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით რა პროგრამები იგეგმება ამ მიმართულებით.

– მოდით შევცვალოთ თემა. რა აზრის არის პრეზიდენტი დაგეგმილ ე.წ. „ქართულ მარშზე“, სადაც აქციის მონაწილეები ქვეყანაში არალეგალების ყოფნას გააპროტესტებენ. როგორია პრეზიდეტის დამოკიდებულება?

– არ უნდა დაგვავიწყდეს, ზოგადად, რომ ჩვენთან დაპირისპირებულ სახელმწიფოებს აქვთ ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო აგიტაცია აწარმოონ. ისინი შენიღბული იდეოლოგიით  ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ირიბ მართვას. ეს იქნება პროვოკაციის მოწყობა თუ სხვა რამ… საქართველოს ამ კუთხით დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროვოკაციებმა არ ჩაგვაგდონ ისეთ სიტუაციაში, რომ ჩვენი მიმართულებიდან ამოგვაგდოს.

საქართველომ გააკეთა უკვე არჩევანი, რომ იყოს დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც რეგიონში ყველასთავის სამაგალითო სახელმწიფო იქნება. ამიტომ, ნებისმიერი დაინტერესებული მხარე ეცდება, რომ ამ კალაპოტიდან ამოგვაგდოს. სახელმწიფოც და საზოგადოებაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მსგავსი მიზანი უნებურად სისრულეში ჩვენვე არ მოვიყვანოთ. არ ვიყოთ ბრმა იარაღი მტრის ხელში.

– ასეთი სახის აქციები, ქვეყნის იმიჯს რამდენად დააზარალებს?

– ზუსტად არ ვიცი ეს აქცია რამდენად კანონიერია და რა სახის ლოზუნგებით გამოდიან ეს ადამაინები. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაფასებელია. ზოგადად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იყოს მცდელობა, მოხდეს იმ წარმატებების წინააღმდეგ მოქმედება, რომელიც ქვეყანამ ევროინტეგრაციასთან კონტექსტში მოიპოვა.

ამის საწინააღმდეგოდ გარკვეული ჯგუფების მობილიზება რომ იყოს, გასაკვირი არ იქნება. სწორედ ამისთვის გვაქვს სახელმწიფო, რომ ასეთი გამოწვევებისთვის მზად ვიყოთ.

– რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საზღვარზე ინდოეთის და არაბეთის მოქალაქეები არ შემოუშვეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ მას მესაზღვრეები აგრესიულად მხოლოდ იმიტომ ექცეოდნენ, რომ ის ინდოელი იყო. რა აზრის არის ამაზე პრეზიდენტი, იმ ფონზე როდესაც იგივე, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ ქვეყანაში უპრობლემოდ, რომლებსაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული?

– მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელები ჩვენს ქვეყანას ხშირად უჩივიან. თუ გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ ამის შესახებ სახალხო დამცველმაც გააკეთა განცხადება, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეხებოდა.

მიხედავად ამისა, უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ეს ის სფეროა, სადაც ხელისუფლებას სრული თავისუფლება აქვს, ის გააკეთოს რაც უნდა.

კონკრეტული მესაზღვრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ვინ შემოუშვას და ვინ არა. საზღვრების კონტროლში სახელმწიფო სტრუქტურებს ძალიან მაღალი ხარისხის თავისუფლება აქვთ. ამიტომ პრეზიდენტი ვერავის მისცემს რეკომენდაციებს ქვეყანაში ვის შემოუშვებს მესაზღვრე და ვის – არა. შეიძლება რაღაც სახის მოსაზრებები არსებობდეს, თუმცა, ამ სფეროში მაინც მგონია, რომ ეს ადამაინები სრულიად კომპეტენტურები არიან.

მეორე მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა იფიქროს იმ ადამაინებზე, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან არ გადასცენ იმ ქვეყანას, სადაც მას წამება, ან არაადამიანური მოპყრობა ემუქრება. ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტებია.

ბუნებრივია ასევე, რადგანაც ჩვენ უფრო ახლო ვართ ევროპასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ცხოვრება და შემოსვლა გართულდება და გამკაცრდება. ეს მიდგომა ისევე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

როგორც მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განცხადება და თქვა, რომ ეს ფაქტები მოკვლეული იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაინტერესდება ამ ფაქტებით და მოიკითხავს. ეს მართალია პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა არ არის, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხია და მას აუცილებლად მივადევნებთ თვალს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....