აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას მტრული რეჟიმების მხარდაჭერაზე. ამის შესახებ მან ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, აშშ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები უკრაინაში, ურჩევს მოსკოვს უარი თქვას სირიისა და ირანის მტრული რეჟიმების მხარდაჭერაზე.
„ამის ნაცვლად რუსეთი უნდა შეუერთდეს პასუხისმგებლიანი ერების თანამეგობრობას, იბრძოლოს საერთო მტრის წინააღმდეგ და დაიცვას ცივილიზაცია”, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციას იწვევს და დასავლეთმა რაღაც უნდა იღონოს.
შეერთებული შტატების ლიდერი არჩევნების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ არაფერი გააკეთა, როდესაც მას უთხრეს, რომ რუსეთი არჩევნებში ერეოდა.
დონალდ ტრამპმა ილაპარაკა ამერიკისა და ნატოს ძლიერი ალიანსის მნიშვნელობაზეც. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი რეგიონალურ სამიტსაც დაესწრო. მოგვიანებით კი, ვარშავის მთავარ მოედანზე ისტორიული სიტყვით გამოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხვალ ტრამპს ჰამბურგში ელოდებიან, სადაც ის მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს. გერმანიაში გაიმართება ტრამპის პირველი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.