7 ივლისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში ორი ქვეყნის ტრანსპორტის უწყების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, კონსულტაციების მსვლელობისას გაგრძელდება საქართველო-რუსეთს შორის ნორმალიზაციისა და განვითარების საკითხებზე მოლაპარაკება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული კონტაქტები. მხარეები გაცვლიან აზრებს საკმაოდ აქტუალურ თემაზე, რაც 2011 წლის შეთანხმების რეალიზებას უკავშირდება საბაჟო ადმინისტრირებისა და რეგიონული ვაჭრობის მონიტორინგის საკითხში.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით, მხარეებმა, შვეიცარიის მონაწილეობით, უკვე ჩაატარეს დიდი მოსამზადებელი სამუშაო. არის რეალური შესაძლებლობა, კონტრაქტებს მალე მოეწეროს ხელი, რომლებიც აუცილებელია შეთანხმების პრაქტრიკული რეალიზაციისთვის. „ვიმედოვნებთ, თბილისი წარმოადგენს რუსეთის მხარის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებებს, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება ე.წ. სამხრეთ ოსური მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ფაქტებს. „სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პრაღის შეხვედრის წინა დღე დაჩრდილა საინფორმაციო პროვოკაციამ. ასეთ შემთხვევებში შეთხზული „პროპაგანდისტული სატყუარები“ ძალზედ ერთგვაროვანია. თბილისიდან კიდევ ერთხელ გაისმა მტკიცებები, რომ სამხრეთოსური მხარე თავის სასაზღვრო ნიშნებს ათავსებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საკითხის განხილვა არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, როგორც წინა შემთხვევებში, დამარწმუნებლად აჩვენებს ამ აბსურდული პრეტენზიების სიცრუეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზების მოწინააღმდეგეები ხელს ვერ შეუშლიან პრაღაში კონსტრუქციული შეხვედრის გამართვას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
geotimes.ge