“მეტრონომი”: სასამართლოდან
ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომის შესვენებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იარაღის ნაწილში ჩატარდა ისეთი სახის ექსპერტიზა, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა ამ იარაღზე დნმ-ის კვალის არსებობას.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ექსპერტები იარაღის ნაწილში. ერთმა ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც თქვა, რომ იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. აქვე ჩატარდა მეორე ექსპერტიზაც, რომელსაც უნდა მოეძებნა იარაღის ნომერი, რის გამოც მან მთლიანი იარაღი დაამუშავა სპეციალური ხსნარით და სპეციალური ტამპონებით.
ამ იარაღზე არსებული ყველა კვალი წაიშალა და წაიშალა ასევე გენეტიკური კვალიც. რაიმე დნმ-ის კვალი რომ ყოფილიყო იარაღზე, ამის მერე უბრალოდ შეუძლებელია კვალის აღმოჩენა. შესაბამისად, ამ იარაღის შემხებლობა ირაკლი მამალაძესთან ვეღარ აღმოჩნდებოდა, ასევე მათი კვალი, ვისაც შეიძლებოდა ამ იარაღთან კავშირი ჰქონოდა. ჩატარდა ისეთი სახის ექსპერტიზა, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა ამ იარაღზე დნმ-ის კვალის არსებობას, აღარაფერს ვამბობ თითის ანაბეჭდის კვალის არსებობის შესახებ”-განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, სასამართლო პროცესზე 20-ზე მეტი ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვა იგეგმებოდა. ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის 20-ამდე მოწმე უკვე დაიკითხა. პროცესი კვლავ მიმდინარეობს, როგორც იცით, დახურულ რეჟიმში.
ავტორი: ნინი ცხადაია