ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები მკაცრად კონტროლდება

საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარს ვეუბნებით  ქვეყანაში შემოსვლაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი – 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იტვირთბა....