“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 15 მოწმე დაიკითხა. მისი თქმით, დაკითხულმა ექსპერტებმა, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-აკადემიკოსები არიან, განაცხადეს, რომ ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რომელიც დეკანოზს ამოუღეს, ოქროს გამოსაყვანად გამოიყენება:
”დღეს იყო რამდენიმე მოწმე მოყვანილი; ძირითადად ესენი იყვნენ ექსპერტები და მათ შორის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-აკადემიკოსები, რომლებმაც ჩაატარეს ქიმიური კვლევები იმ ნივთიერების, რომელიც დეკანოზს ჩაუდეს და რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ნატრიუმ ციანიდი. მათ თქვეს, რომ ამ ნივთიერების უპირველესი დანიშნულებაა ოქროს გამოყვანა. ასევე მათ თქვეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. მოგეხსენებათ, რომ დეკანოზმა მამალაძემ დაახლოებით 60-ფურცლიანი ჩვენება მისცა. მას შეეძლო დუმილის უფლება გამოეყენებინა. მან იმიტომ მისცა ჩვენება, რომ პროკურატურას ჩაეტარებინა რეალური კვლევა – გამოძიება. არც ერთ ექსპერტს გამოძიებამ არ დაუსვა ერთი კითხვაც კი გამოძიების კვლევის პერიოდში, აღნიშნული ნივთიერება შეიძლებოდა თუ არა, რომ ყოფილიყო ოქრო-მჭედლობისთვის გამოყენებული. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მიუთითებს ეს ფაქტი იმაზე, რომ გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე მუშაობდა – წინასწარ დაკვეთილ ვერსიაზე”- აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატმა ისაუბრა საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერზეც და აღნიშნა, რომ ექსპერტებმა მნიშვნელოვანი დეტალები დაადასტურეს. კერძოდ, იმ მონაკვეთთან დაკავშირებით, როცა ვიდეოჩანაწერში დეკანოზ მამალაძის მიერ საუბარია შორენა თეთრუაშვილის “მარილზე გაშვებაზე”. მისი თქმით, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ სიტყვათა შეთანხმება “მარილზე გასვლა” გამოყენებული იყო მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდებოდა და მას საპატრიარქოში აღარ შეუშვებდნენ:
”დეკანოზი ”მარილზე გაშვებას” იყენებს მამა გაბრიელის ნაწინასწარმეტყველებზე დაყრდნობით, სადაც საუბარია, რომ შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება და მას საპატრიარქოში არ შეუშვებენ. სიტყვა მარილი სწორედ ამ წინადადებაში იყო. ჩვენ დავუსვით ექსპერტებს კითხვა, აქ ხომ არ არის წყვეტა; თუ, ეს ერთ კონტექსტში განსახილველია. მათ თქვეს, რომ დიახაც, ეს არის ერთი წინადადება; მათ დაადასტურეს, რომ ეს სიტყვები, ”მარილზე გასვლა”, გამოყენებულია იმ შინაარსისათვის, რომ შორენა თეთრუაშვილს აუხდებოდა მამა გაბრიელის სიტყვები და მას არ შეუშვებდნენ საპატრიარქოში”- აღნიშნა ფანცულაიამ.
ავტორი: ნინო ცხადაია

