“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:
”გამოძიებას არ დაუსვამს შესაბამისი კითხვები, იყო თუ არა დეკანოზის ან სხვა ვინმეს ხელის კვალი იარაღზე”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ეკა ლომიძემ ე.წ. ციანიდის პროცესის შესვენებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი კითხვებს აჩენს:
”დღეს ბრალდების მხარის მოწმეები, ექსპერტები იკითხებიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შესაბამისი ექსპერტიზები ჩაატარეს. როგორც იცით, ამ საქმეზე მრავალი ექსპერტიზა ჩატარდა. ძირითადად იყვნენ ის სპეციალისტები დაკითხული, რომლებმაც იარაღზე ჩაატარეს ექსპერტიზა. აღმოჩნდა, რომ გამოძიების მიერ არ დასმულა ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიცაა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ანუ ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა არსებობდა თუ არა ხელის კვალი აღნიშნულ იარაღზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის. გამოძიებასაც არ დაუსვამს შესაბამისი კითხვები, იყო თუ არა დეკანოზის ან სხვა ვინმეს ხელის კვალი იარაღზე. თქვენ კარგად იცით, რომ დეკანოზს იარაღის შენახვაზე ედავებიან და მას ბრალი აქვს წაყენებული. თუმცა ის ამბობს, რომ ეს იარაღი მისი არ იყო და მას მიუტანა მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ. სწორედ ამიტომ, ამ ექსპერტიზების ჩატარება მნიშვნელოვანი იყო,რადგან უნდა დადგენილიყო ნამდვილად იყო თუ არა ხელის კვალი. როცა პროკურატურა არ ინტერესდება ამ თემით, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს. ჩვენ, როგორც უფლებადამცველებს ეს კითხვები გვაქვს”-აღნიშნა ეკა ლომიძე.