სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ივნისში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგების შეჯამების შესახებ განცხადება გაავრცელა:
„მიმდინარე თვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცხადყოფს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბიზნესოპერატორების მიერ აქტიურად ხდება. თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა, თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე გამოასწორა გამოვლენილი შეუსაბამობები და ყველა მათგანს აღუდგა საწარმოო პროცესი, რაც აშკარად დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული ბევრი ობიექტი უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.
მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა 730 ინსპექტირება, 734 დოკუმენტური შემოწმება, 43 ზედამხედველობა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 262 ნიმუში. კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 112 ბიზნეოპერატორს, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე კი, 281 დაჯარიმდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 730 ინსპექტირებიდან 251 თბილისში განხორციელდა, დოკუმენტურად შემოწმდა 249 ბიზნესოპერატორი, გამოვლენილი დარღვევების გამო, 121 დაჯარიმდა. თბილისის სარეალიზაციო ობიექტებიდან ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის 31 ნიმუშია აღებული.
სურსათის ეროვნული სააგენტო 2011 წლიდან აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს შემდეგი მექანიზმებით: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება.”-აღნიშნულია განცხადებაში.

