აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ოცნება 2 კვირაში დაიშლება, კვირიკაშვილი ლიდერი არ არის“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი, ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მისი თქმით, ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო კრიზისში გადაიზარდოს. ანალიტიკოსი „მეტრონომთან“ამბობს, რომ თუ საზოგადოებამ  იფიქრა, რომ ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“  ზურგს აღარ უმაგრებს, პარტია ორ კვირაში დაიშლება.

ხუხაშვილის აზრით, შესაძლოა თვითმართველობის არჩევნებზე „ოცნებასთან“ დისტანცირება მისი სურვილი იყოს, თუმცა რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება ამას პროცესების განვითარება გვიჩვენებს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ თუ ის უკან მალე არ დაბრუნდა, მერე უკვე გვიანი იქნება.

„მეტრონომი“: როგორ შეაფასებთ დაანონსებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს?

გია ხუხაშვილი: რეალურად „ქართული ოცნება“ კვლავ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე დგას. მართალია, საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პარტიის შიდა საკითხებში არ ერევა. თუ არ ლობირებს ის „ოცნების“ კანდიდატს, მაშინ პროცესები ძალიან ცუდად წარიმართება.

მმართველი გუნდის მომავალი პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი იქნება. ეს პარტია თუ რამეზე დგას, ეს ივანიშვილის ავტორიტეტია. მიუხედავად იმისა ის პროცესებში მონაწილეობს თუ არა.

აპელირება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მაგარია და მათ ივანიშვილის მხადაჭერა არ სჭირდება, ძალიან სასაცილოდ ჩანს. ეს გზავნილი უკვე დიდი სიბრიყვეა. თუ ეს მოსახლეობამ დაიჯერა, მათი საქმე ძალიან ცუდად წავა.

– იქნებ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ამ პროცესებისგან დისტანცირებული იყოს?

– ეს აბსოლუტურად ადამიანური სურვილია. რა თქმა უნდა, რომ ის დაიღალა და ამ პროცესებისგან თავის დაღწევა სურს. თუმცა, ეს რამდენად გამოუვა, უკვე სხვა საკითხია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდიც და კარგიც ყველაფერი მას ბრალდება. იმიტომ, რომ ძალას მასში ხედავენ.

სხვა ყველა დანარჩენს არასერიოზულად აღიქვამენ. ქვეყანაში ერთ ადამიანსაც კი არა აქვს განცდა, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტიელბას მაინც იღებს… მითუმეტეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს…

ამდენი ხნის განმავლობაში, ქვეყანაში რამდენი რამ მოხდა, მაგრამ მისგან რაიმე კონკრეტული კომენტარი არ გაკეთებულა. ვინმემ იგრძნო, რომ ის უფროსია და რაიმეზე პასუხისმგებლობას იღებს?! კვირიკაშვილი რომ ამ ქვეყანაში ლიდერი არ არის, ეს ხომ ყველამ იცის. მისი ლიდერობა ძალიან არასერიოზულად გამოიყურება.

– როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას ივანიშვილი არ დაესწრო. მისგან შეუთანხმებლად მოხდა კალაძის არჩევა?

– ეს მისი პირადი არჩევანია. არ უნდოდა და არ მივიდა. ხომ ვერ დავაძალებთ ადამიანს რაც არ უნდა ის აკეთოს. ამაში რაიმე შეთქმულების თეორიას ვერ ვხედავ. რატომ არ მივიდა დანარჩენს ამას პროცესი გამოაჩენს. არაფერი იმალება და დაველოდოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება.

– ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს? თუკი ხალხი დაინახავს, რომ ივანიშვილი არ აქტიურობს, შესაძლოა კალაძის მიმართ ინტერესი დაკარგონ?

– პრობლემა იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ საზოგადოება მიხვდება, რომ მათ ივანიშვილი ზურგს არ უმაგრებს. ამომრჩეველმა რომ დაიჯეროს  „ოცნებას“ ივანიშვილი აღარ ამაგრებს, პარტია ორ კვირაში დაიშლება. მისი არგამოჩენა, წმინდა ტექნიკური საკითხია. მთავარია საზოგადოებაში არსებობდეს განწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს მწყემსავს. მწყემსის გარეშე ფარას ან მგელი შეჭამს, ან გაიფანტებიან.

– თქვენ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე დღის წინ მოუწოდეთ, რომ  უკან ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. რატომ ფიქრობთ, რომ ახლა მისი უკან დაბრუნების დროა. ქვეყანაში შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას?

– მე ვთხოვე ივანიშვილს, რომ მან თავისი სიტყვა შეასრულოს და უკან ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია, რომელიც შეიძლება სახელმწიფოებრივ  კრიზისში გადაიზარდოს.

ქვეყანაში მმართველობითი ვერტიკალი დარღვეულია. ჩვენ გვყავს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც უცნაური პოლიტიკური კამპანია აწარმოა და ბოლოს „ტლაპოში“ ჩავარდა. ძალიან დიდი კრიზისია სხავადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომელიც ღია ჭრილობასავით არის დარჩენილი და არ მთავრდება.

ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ მმართველობის ვერტიკალი აღადგინოს, ეს ბიძინა ივანიშვილია. მან ადრე განაცხადა, რომ თუ  ხელისუფლებაში მართვის კუთხით პრობლემები გაჩნდებოდა, ის უკან მთავრობაში დაბრუნდებოდა. მე მისი სიტყვებიდან გამომდინარე ვიძლევი ამ რეკომენდაციას. შეიძლება ის ასე არ ფიქრობს და კრიზისის გაღრმავებას ელოდება. მაგრამ მიმაჩნია, რომ მერე უკვე გვიანი იქნება.

– როგორ აფასებთ კალაძის შანსებს და თუ ის მერი გახდება, ქალაქში არსებულ მძიმე პრობლემებს თავს გაართმევს?  

– კალაძის მერობის საკითხს ორნაირად ვხედავ. ერთ ვარიანტში ვფიქრობ, რომ მას სურს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე იყოს. ხოლო მეორე ვარიანტში, ის უბრალოდ პარტიულ დავალებებს ასრულებს. ნამდვილად, „ოცნებას“ ამ ეტაპზე მასზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავდა. ვფიქრობ, რომ ვერც პირველ და ვერც მეორე ვარიანტში გრძელვადიანი წარმატება არ ექნება. ისეთი კონფიგურაცია იქმნება, რომ ის მერი რომც გახდეს, მაღალი პოლიტიკური ფასის გაღება მოუწვეს.

ავტორი: ელზა  პაპოშვილი 

 

 

იტვირთბა....