შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რადიო სადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორის ვლადიმერ მამონტოვის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ.
“ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. შესაბამისად, ამ პირის მიმართ გამოძიება ვერ დაიწყებოდა. ჩვენთვის არ არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მამონტოვის 2009 წლის შემდეგ შესვლის თაობაზე.
რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს პირის საზღვრიდან გაბრუნებას. ამ კანონის შესაბამისად, თუ პირს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და პირი მიეცეს პასუხისგებაში. სასჯელის სახეს მოსამართლე თავად განსაზღვრავს (ჯარიმა ან პატიმრობა).
როგორც გადავამოწმეთ, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. ამ კანონის შესაბამისად, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა. ამას გარდა, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი. შესაბამისად მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა”- აღნიშნავენ მღებრიშვილის უწყებაში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ჟურნალისტი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. როგოც ცნობილია, მამონტოვს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მამონტოვს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს და ამ მიზეზით 2009 წელს საქართველოდან მისი დეპორტაცია ერთხელ უკვე მოხდა.