დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე ქართული მხარის გადაწყვეტილება 7 ივლისს გახდება ცნობილი. დევნილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ლომიძე აცხადებს, რომ ხვალ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მუსტაფა ჩაბუქს შეხვდებიან.
“განიხილება 2 ვარიანტი – ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმების მიხედვით ამ სტატუსის დადგენა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. თუ ეს პირი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და ამ ორიდან რომელიმე სტატუსი მიენიჭება, ასეთ შემთხვევაში ექსტრადაცია არ მოხდეაბ”, – აცხადებს ირაკლი ლომიძე. მისივე თქმით, საექსტრადიციო მასალების შესწავლა დევნილთა სამინისტრომ 7 ივნისს დაიწყო და კანონით ეს პროცესი 1 თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
“საკითხის შესწავლის მოთხოვნით თავად მუსტაფა ჩაბუქის განცხადება მივიღეთ. მოკვლევა დაწყებულია და თუკი გამოიკვეთება, რომ პირი იდევნება მისი წარმოშობის ქვეყანაში რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეროვნების ან განსხვავებული სოციალური ჯგუფებისადმი კუთვნილებით, მას ლტოლვილის სტატუსს აძლევს სახელმწიფო. რა გადაწყვეტილება მიიღება, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ხვალ გლდანის ციხეში მუსტაფა ჩაბუქთან დაგეგმილ ინტერვიუზე. მას სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად გამოკითხავენ ყველაფერს”,-დასძინა ირაკლი ლომიძემ.
დღესვე დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნა რამდენიმე კერძო სკოლის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათ მოსწავლეების, პედაგოგების და მოქალაქეების ხელმოწერები შეაგროვეს და შესაბამისი პეტიციით განათლების სამინისტროს მიმართავენ. მუსტაფა ჩაბუქის მეუღლე მისი ქმრის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. მისი თქმით, თურქულმა მხარემ ჩაბუქის დაკავება იმიტომ მოითხოვა, რომ მას თურქეთის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.