ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ორდენით დააჯილდოვეს

​საქართველოში იაპონიის ელჩის  ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინას,  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

„ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი ქართველ პრიმას პირადად გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკისავამ, რომელმაც ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

საბალეტო ხელოვნების განვითარებაში ნინო ანანიაშვილის როლსა და მის მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და იაპონიას შორის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა.

იტვირთბა....