პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა. მისი განცხადებით, ოპოზიციას ერჩივნა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულიყო.
„როგორც ვიცი, თარიღის შესახებ კონსულტაციები იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამასობაში როგორც ჩანს, გათვალისწინებული იყო ოპოზიციის აზრი იმის შესახებ, რომ მათ ერჩივნათ ოქტომბრის ბოლოს, პრეზიდენტი ასეც მოიქცა, როგორც ვხედავთ. მე ვფიქრობ, არანაირი აზრი არ აქვს არჩევნების თარიღს.
მოლოდინი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ არ უნდა იყოს, გამომდინარე წინა პრაქტიკიდან, ჩვენი დამოკიდებულებიდან არჩევნების მიმართ, იმ განვითარებიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ასეთი საფრთხეები არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგიდან, დაბრალებებიდან გამომდინარე ოპოზიციის მესიჯი, რომელიც ვფიქრობ, არ უნდა გავიმეოროთ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.