ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამია: სახელისუფლებო კანდიდატისა და ზაალ უდუმაშვილის გარდა დანარჩენების მონაწილეობა სიმბოლურია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას სახელისუფლებო კანდიდატი   და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მიიღებენ, – ამის შესახებ მან “მეტრონომთან” განაცხადა:

“ჩემი აზრით, ზაალ უდუმაშვილი ყველაზე მკაფიო და ნათელი სახეა, არათუ ამ კანდიდატებში, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, მიხარია რომ ასეთი ადამიანები მიდიან. მე, ნამდვილად, ზალიკოს მივცემ ხმას.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გაიმართება  მეორე ტური, სადაც იქნება სახელისუფლებო კანდიდატი და ზალიკო უდუმაშვილი. დანარჩენების  მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურია.”-განაცხადა “მეტრონომთან” ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“დღეს  დედაქალაქის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა:

„დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით თქვენს სახლებში, მისმენდით და იგებდით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში, მოვიდა დრო მოვისმინო თქვენი აზრი, მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში. ყველგან სადაც ხართ, ყველგან სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პროფესიით ზოოინჟინერი ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში საინფორმაციო გამოშვების წამყვანად 2003 წლიდან მუშაობს.
2014 წელს ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ პოზიციას დღემდე იკავებდა.

იტვირთბა....